logo
ENG



კალაძე: შენ, ვისაც გახსოვს ბნელი წარსული და უარს ამბობ მასზე, უნდა მოხვიდე არჩევნებზე

18 ოქტ 202114:57
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი, მოქმედი მერი და პარტიის გენერლური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ ნიკა მელიას ქვეყნისა და ქალაქისთვის არასდროს არაფერი გაუკეთებია. 

ვიდეო მიმართვაში, რომელიც ფეისბუქზე გაავრცელა, კალაძე ამბობს, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში ის და მისი ოჯახის წევრები "უპრეცედენტო აგრესიის, სიძულვილისა და სიცრუის კამპანიის ობიექტები გახდნენ". 

მისი თქმით, მიუხედავად ამისა, მან ევროპული სტილის, მომავალზე ორიენტირებული კამპანია ბოლომდე წარმართა. თუმცა, არც ერთი ოპონენტისგან არ მოუსმენია ფასეული წინადადება. 

"ამის ნაცვლად, მთელი მათი კამპანია ხელისუფლების გადატრიალებაზე, არეულობის შექმნასა და ე.წ. რეფერენდუმზე იყო აგებული. მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს კი დღემდე ქვეყნისა და ქალაქისთვის არასდროს არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ კერძო კომპანიებს აკოტრებდა, სახელმწიფო შენობებში შეჭრას ცდილობდა და გამუდმებით ხულიგნურ პროვოკაციებს აწყობდა".- თქვა კალაძემ. 

მან წინა ხელისუფლებაზე ილაპარაკა და თქვა, რომ "დღესაც გვიწევს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას, როგორ ხდებოდა მოქალაქეების ღირსების შელახვა, ძალადობა, ტერორი, საკუთრების ხელყოფა, უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობა, სიტყვის თავისუფლების ფეხქვეშ გათელვა, მედიის დარბევა, ცინიზმი, ტყუილი, რეკეტი".

კალაძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. 

"2 ოქტომბრის გამარჯვება მისაყვანია ბოლომდე! თითოეული ამომრჩევლის ხმა კი ამ საქმეში გადამწყვეტია. ჩემი თხოვნა და მოწოდებაა, თითოეული მოქალაქის მიმართ 20-ვე მუნიციპალიტეტში, სადაც ტარდება მეორე ტური, მოდით არჩევნებზე და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ბოლშევიზმი, ბოროტება, სიძულვილი და სიცრუე, რასაც განასახიერებს "ნაციონალური მოძრაობა" ამ ქვეყანაში!

შენ, ვისაც გახსოვს ბნელი წარსული და უარს ამბობ მასზე, შენ, ვინც ფიქრობ მომავალზე და ზუსტად იცი, როგორ ქალაქში გინდა იცხოვრო, აუცილებლად უნდა მოხვიდე 30 ოქტომბერს არჩევნებზე". - ამბობს კალაძე. 

მანამდე ქართული ოცნების ფეისბუქზე გამოქვეყნდა მიხეილ სააკაშვილის და ენმ-ის სხვა წევრების დამაკნინებელი კადრებით დამონტაჟებული ვიდეო, სათაურით "ნაცობა სირცხვილია". 


close დახურვა